RokhvaDavidlazi-photo

დავით როყვა

ცეკვა 2025-დან

4 წლის ასაკში ცეკვა დავიწყე იმდროინდელ ანსამბლ „ორბში“, რომელიც დღეს „პატარა ვირტუოზების“ სახელით არის ცნობილი. სწორედ ამ ანსამბლში ჩამოვყალიბდი ჩემს თაობასთან ერთად, რომლის ნაწილიც იყო ბექაც. ჩემი მთავარი აღმზრდელი ამ სფეროში გია დავითაშვილი იყო — მან გამიზიარა თავისი ცოდნა და 17 წლის ასაკიდან იმავე ანსამბლში რეპეტიტორ-ქორეოგრაფის პასუხისმგებლობაც დამაკისრა, რასაც 9 წლის განმავლობაში ვასრულებდი.

პარალელურად, 15-დან 18 წლამდე ვცეკვავდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლში, დავით კიკვაძისა და თენგიზ ყურაშვილის ხელმძღვანელობით. 18 წლის ასაკში, გია დავითაშვილის რეკომენდაციით, გადავედი ანსამბლ „სამაიაში“, რომელიც საერთაშორისო სცენაზე „Georgian Legend“-ის სახელით არის ცნობილი და რომელსაც იმ პერიოდში კახა მჭედლიძე ხელმძღვანელობდა. შემდეგ ვმუშაობდი ჭაბუკა ამირანაშვილის მიერ შექმნილ საკლუბო ვერსიაში, მოგვიანებით ანსამბლ „სეუ“-ში კახა დგებუაძის ხელმძღვანელობით, ხოლო ბოლოს — სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ანსამბლ „ნართებში“, გოგიტა თათულაშვილის ხელმძღვანელობით. „პატარა ვირტუოზებიდან“ წასვლის შემდეგ ვასწავლიდი პირველ გიმნაზიაში, ქაშვეთის ეკლესიასთან, სადაც ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.