2020 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ მონაწილეობდა „მსოფლიო კულტურის დღეებში“, რომელიც პარიზის რეგიონში, ქალაქ გრეც-არმენვილიეში გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი გოჩა ჯავახიშვილი, რომელიც ქალაქის მერის მიერ იყო მიწვეული როგორც საპატიო სტუმარი.
„ლაზის“ ორგანიზებით გაიმართა ქართული ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების ორდღიანი გამოფენა, ასევე ჩატარდა კონფერენციები საქართველოს კულტურისა და ისტორიის თემაზე.
ღონისძიების მეორე ნაწილში „ლაზის“ მოცეკვავეთა და მომღერალთა გუნდებმა სოლო კონცერტი გამართეს და მაყურებელს ქართული ცეკვისა და მუსიკის მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს.
„მსოფლიო კულტურის დღეები“ ორგანიზებული იყო გრეც-არმენვილიეს მერიისა და ადგილობრივი კულტურული ასოციაციის SHAF-ის მიერ.