ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ მონაწილეობა მიიღო მონმარტრის ყოველწლიურ რთველის ფესტივალში, რომელიც პარიზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კულტურული ღონისძიებაა.
საზეიმო მსვლელობაში „ლაზთან“ ერთად მონაწილეობდნენ საფრანგეთის სხვადასხვა პროფესიული გილდიები, სახელოსნოები და უცხო ქვეყნების წარმომადგენელი ასოციაციები. ქართული ეროვნული სამოსით წარმოდგენილმა „ლაზის“ წევრებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველოს კულტურა და ტრადიციები მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე.