8 ივნისს ქართველთა კულტურის კერა „ლაზში“ გაიმართა 2024–2025 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა.
პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ვაჟა-ფშაველას „საშობაო ზღაპრის“ პრემიერა, რომლის დამდგმელი რეჟისორი გახლდათ საფრანგეთში მოღვაწე მსახიობი თამარ ჭაბუკაიძე. სპექტაკლი ცენტრის ახალგაზრდულმა დასმა შეასრულა და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
მეორე ნაწილი მოიცავდა პატარა კლასების ცეკვებსა და სიმღერებს. ღონისძიების დასასრულს ყველა ჯგუფის მოსწავლეს გადაეცა სასწავლო წლის დამამთავრებელი სერტიფიკატი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი სპეციალური სერტიფიკატები ასევე გადაეცათ მასწავლებლებს ნანა ფალავანდიშვილს და ნანა კაპანაძეს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი.
„ლაზი“ მადლობას უხდის ყველა მასწავლებელს, ადმინისტრატორს, მშობელსა და მოსწავლეს გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის.